პროკურორი - გრიგოლ ლილუაშვილს ამ ეტაპისთვის გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია მოწოდებული არ აქვს - კონკრეტულ პირებზე, ვინ არიან საქმეში გამოკითხული, არ და ვერ ვისაუბრებ

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისთვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება და არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმითა და გარემოებით ზეწოლა, აქედან გამომდინარე, დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის დახურვაზე, - ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პროკურორის თქმით, საქმეში ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის, რაც საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაულია და ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდება, პროკურატურა საზოგადოებას ყველა დეტალს სრულად მიაწვდის. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა გრიგოლ ლილუაშვილის პირველი წარდგენის სხდომა, სადაც ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის პატიმრობის გამოყენებას. ბატონმა გიორგი გვარაკიძემ გამართა ბრიფინგი, სადაც დეტალურად განმარტა, თუ რას ედავება პროკურატურა ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს და დღევანდელ პროცესზე, ბუნებრივია, როდესაც ბრალდების მხარე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებას, ბრალდების მხარემ უნდა ისაუბროს როგორც აღნიშნული პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივ საფუძველზე, ისე ფორმალურ საფუძვლებზე, რაც საჭიროებს იმას, რომ შევიდეთ გარკვეულწილად მტკიცებულების განხილვაშიც. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის სენსიტიური, მრავალი დეტალი იკვეთება და გამოძიება მრავალი დეტალით მუშაობს, მე მესმის, რომ არის საზოგადოების უდიდესი ინტერესი და ზუსტად ამ ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა გენერალური პროკურორის მიერ გამართული ბრიფინგი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება, ძალიან ბევრი დეტალი არის დასადგენი, საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ, აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები და გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად იქნეს ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმითა და გარემოებით ზეწოლა და ვფიქრობ, ეს არის საზოგადოების ინტერესიც, რომ სრულყოფილი გამოძიების შედეგი დაიდოს, აქედან გამომდინარე, დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის დახურვაზე. რაც შეეხება დანაშაულის ხასიათს, როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგისას განმარტა, ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის, მათ შორის, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მფარველობის საკითხი, რაც, ბუნებრივია, იწვევს ძალიან დიდ ინტერესს