საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით აკვირდება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალური რეკომენდაციების დაცვისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. „რეგიონში ჩვენი საელჩოები სრულად ფუნქციონირებას აგრძელებენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.